კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე – მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.
მათივე ცნობით, მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.
ექსპედიციის ხელმძღვანელია ჯონი აბულაძე.
„არქეოლოგიურ სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს. მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გამორჩეული ძეგლია. იგი, ნეოლითურთან ერთად, ასევე მოიცავს შუა საუკუნეების კულტურულ ფენებს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის (გამოუწვავი თიხის აგურის) საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები მკაფიოდ ასახავს უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.