ავტორი: ანი ღულინიანი
23 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტი გაასაჯაროვა. ახალ პროექტში მუხლების რაოდენობა 220-დან 89-მდე მცირდება. დოკუმენტი ჯერ დამტკიცებული არ არის და არც პარლამენტში განხილულა.
სომხეთის მოქმედი კონსტიტუცია ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ განხილული საკითხია, რადგან ის მჭიდროდ უკავშირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს.
აზერბაიჯანმა სომხეთისგან კონსტიტუციის შეცვლა არაერთხელ მოითხოვა და ეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობადაც დააყენა. კერძოდ, ბაქო მოითხოვს, სომხეთმა კონსტიტუციიდან ამოიღოს მითითება დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე – სომხეთის კონსტიტუცია ეყრდნობა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც, თავის მხრივ, ნათქვამია, რომ დეკლარაცია ეფუძნება საბჭოთა სომხეთის უზენაესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებას ორი ტერიტორიის „გაერთიანების“ შესახებ. სწორედ ამ ჩანაწერის ამოღებას მოითხოვს აზერბაიჯანი.
ფაშინიანი ამტკიცებს, რომ სამშვიდობო პროცესში არსებული დინამიკის გათვალისწინებით, აღნიშნული ჩანაწერი საჭირო აღარ არის და აზერბაიჯანის გაღიზიანებას იწვევს. თუმცა სომხეთის ოპოზიცია კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების მხარდაჭერაზე უარს ამბობს და აზერბაიჯანს სომხეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.
ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე ფაშინიანმა ჯერ პარლამენტში ხმების ორი მესამედი უნდა მოიპოვოს, რათა რეფერენდუმის დანიშვნა შეძლოს. ამჟამად მის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საჭირო უმრავლესობამდე ექვსი ხმა აკლია. ფაშინიანი, რომელსაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა არ გამოურიცხავს, ამ ეტაპზე ცდილობს, ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარების მხარდაჭერაში დაარწმუნოს. მან პირობა დადო, რომ თუ ამომრჩევლები ახალ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერენ, თანამდებობას დატოვებს.
ოპოზიციამ უკვე გამოხატა უკმაყოფილება კონსტიტუციის პროექტის მიმართ და ფაშინიანი „ალიევის დღის წესრიგის“ გატარებაში დაადანაშაულა.
ახალ პროექტში ამოღებულია დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება
მოქმედ კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სომეხი ხალხი კონსტიტუციას იღებს „დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული სომხური სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური პრინციპებისა და ეროვნული მისწრაფებების საფუძველზე“.
კონსტიტუციის ახალი პროექტი ამ ჩანაწერის შემდეგი დებულებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს: სომხები, რომლებიც დოკუმენტში „დამფუძნებლებად“ არიან მოხსენიებული, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში დამოუკიდებელ, მშვიდობიან, უსაფრთხო და აყვავებულ სახელმწიფოს ქმნიან.
ახალ კონსტიტუციაში აღარ იქნება დროშისა და გერბის დეტალური აღწერაც. მოქმედი გერბზე გამოსახულია ნოეს კიდობანი არარატის მთაზე. ეს მთა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა სომხეთში ეროვნულ სიმბოლოდ ფართოდ არის აღიარებული. ფაშინიანის განცხადებით, გერბზე მისი გამოსახულების შენარჩუნება შესაძლოა თურქეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად აღქმულიყო.
ეს ცვლილებები ასახავს ფაშინიანის ე.წ. „მეოთხე რესპუბლიკის“ იდეოლოგიას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებრიობის იმ საფუძვლებისგან დისტანცირებას, რომლებსაც ის კონფლიქტზე ორიენტირებულად მიიჩნევს.
ფაშინიანის შეფასებით, მესამე რესპუბლიკა, რომელიც 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამოცხადდა, „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ იდეოლოგიას ეფუძნებოდა და ყარაბაღის მოძრაობას დაუდო საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი ამტკიცებს, კონსტიტუციური ცვლილებები რეგიონში მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია, ოპოზიცია აცხადებს, რომ აზერბაიჯანს არანაირი ვალდებულება არ აუღია და ახალი კონსტიტუციის მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება.
საინტერესოა, რომ ახალი პროექტი ასევე ამცირებს რეფერენდუმის დანიშვნისთვის პარლამენტში საჭირო ხმების რაოდენობას: მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული ორი მესამედის ნაცვლად, სამი მეხუთედი იქნება საჭირო. ეს რომ ამჟამად მოქმედებდეს, „სამოქალაქო შეთანხმება“ რეფერენდუმის დანიშვნას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც შეძლებდა.
სომხეთი, როგორც „სეკულარული“ სახელმწიფო
ახალი კონსტიტუცია ასევე ასახავს ფაშინიანის მთავრობასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას.
თანამედროვე სომხეთის ისტორიაში პირველად, კონსტიტუციაში ქვეყანა „სეკულარულ“ სახელმწიფოდ იქნება მოხსენიებული. ამასთან, დოკუმენტი ინარჩუნებს ჩანაწერს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის „განსაკუთრებული მისიის“ შესახებ სომეხი ხალხის სულიერ ცხოვრებაში, ეროვნული კულტურის განვითარებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები კანონით უნდა დარეგულირდეს, რაც ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას სავალდებულოს ხდის.
ეკლესიასთან დაკავშირებული ცვლილებები იმ ფონზე განიხილება, როდესაც მთავრობასა და ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება 2025 წლიდან გრძელდება. ფაშინიანი და მისი მთავრობის წევრები არაერთხელ გამოვიდნენ სომხური ეკლესიის მეთაურის, კათოლიკოს გარეგინ II-ის გადადგომის მოთხოვნით. ისინი ეკლესიის ხელმძღვანელობას პოლიტიზებაში ადანაშაულებენ და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.
მთავრობის 2026-2031 წლების ცალკეული პროგრამაც ითვალისწინებს გარეგინ II-ის გადაყენებისა და ახალი კათოლიკოსის არჩევის უზრუნველყოფას.
ამ ფონზე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების კანონით რეგულირების ვალდებულებამ შესაძლოა ეკლესიის საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი საკანონმდებლო აქტების მიღებას კონსტიტუციური საფუძველი შეუქმნას.
შეზღუდვები სომხური დიასპორისთვის
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფომ უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა სომხურ დიასპორასთან მრავალმხრივი კავშირების განვითარებისა და სომხური იდენტობის შენარჩუნების მიზნით. ამასთან, მან ხელი უნდა შეუწყოს დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში დაბრუნებასაც.
ახალი პროექტი აღარ ავალდებულებს სახელმწიფოს, საზღვარგარეთ სომხური ენისა და კულტურული ღირებულებების მხარდაჭერა უზრუნველყოს, თუმცა დიასპორის წარმომადგენლების რეპატრიაციას სახელმწიფოს მიზნად განსაზღვრავს.
ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის გარეთ მცხოვრები სომხებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ზღუდავს. ახალი წესის მიხედვით, ხმის მიცემის უფლების მისაღებად მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სომხეთში ყოფნა მოეთხოვებათ.
კრიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად შეაფასეს, რადგან მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, 18 წელს მიღწეულ ყველა მოქალაქეს ხმის მიცემის უფლება აქვს და ამისთვის ქვეყანაში ცხოვრების ან ყოფნის რაიმე პირობა განსაზღვრული არ არის.
თუმცა ეს ცვლილება უკვე ასახულია კონსტიტუციის ახალ პროექტში. მისი მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესანარჩუნებლად სომხეთის მოქალაქე წინასაარჩევნო ორწლიან პერიოდში ქვეყანაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს.
ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობას იმ პირებისთვის, რომლებიც სომხეთის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ჩაიდენენ.
ეს დებულებები ასახავს მთავრობის სულ უფრო მკაცრ პოზიციას საზღვარგარეთ მცხოვრები სომხების საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით. საკითხის განხილვა განსაკუთრებით გააქტიურდა ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან არსებობს შიში, რომ დიასპორის წარმომადგენლების დიდი რაოდენობით მონაწილეობა უცხოეთის ჩარევას გაუტოლდება.
მთავრობამ ასევე გაამკაცრა მოქალაქეობის მიღების წესები.
გამკაცრებული რეგულაციები პოლიტიკური პარტიებისთვის
კონსტიტუციის ახალი პროექტი მნიშვნელოვნად აფართოებს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ან საქმიანობის შეჩერება იქნება შესაძლებელი.
კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მიზნით ძალადობის გამოყენების ან მხარდაჭერის უკვე არსებული აკრძალვის გარდა, პროექტი დამატებით ითვალისწინებს შემდეგ საფუძვლებს:
- სახელმწიფო დამოუკიდებლობის უარყოფა;
- ეროვნული ან რელიგიური სიძულვილის გაღვივება;
- ისეთი საქმიანობა, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვას ხელს უშლის;
- უცხოური დაფინანსების მიღება.
პროექტი ასევე აწესებს უფრო მკაცრ წესებს პარტიების დაფინანსებისთვის. ის მოითხოვს ფინანსურ გამჭვირვალობასა და პარტიული ორგანოების ფორმირებისას შიდა საარჩევნო სისტემის არსებობას.
ამასთან, პარტიების დაფინანსების წყაროებად განისაზღვრება მხოლოდ მოქალაქეების შემოწირულობები და კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა
კონსტიტუციის ახალი პროექტი კვლავ უზრუნველყოფს მედიის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, თუმცა ამატებს ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნასაც.
ცვლილებების მიზნად სახელდება საზღვარგარეთიდან პოლიტიკური ჩარევის პრევენცია და პარტიების ანგარიშვალდებულების გაძლიერება.
თუმცა ახალი მოთხოვნების ფართო და ზოგადი ფორმულირებები, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის ხელყოფას ეხება, კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიმარტება და პრაქტიკაში როგორ იქნება გამოყენებული ეს დებულებები.
კონსტიტუციის პროექტი ასევე უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ. თუმცა ეს უფლება შესაძლოა შეიზღუდოს „საზოგადოებრივი ინტერესის“ გათვალისწინებით ან სხვა ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.