შაბათ-კვირიდან დავიწყებთ ახალი გაფართოებული ალგორითმით მოქმედებას – მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორ დღეში მზად იქნება ახალ კორონავირუსზე ტესტირებისთვის გაფართოებული ალგორითმი და შაბათ-კვირიდან უკვე დაიწყება ამ ახალი ალგორითმით მოქმედება.

„კლინიკური ჯგუფის მხრიდან იყო შემოსული რამდენიმე ინიციატივა – განხილული იყო, თუ რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდგომ გაფართოებაში. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარება ის თავშესაფრები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი, ასევე – სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს.

ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროშია შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან. თუ იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კლინიკაში გამოიკვლიონ ყველა პაციენტი მიღებისას, ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. 2 დღეში უკვე იქნება გაფართოებული ალგორითმი და შესაბამისად, შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას“, – განაცხადა მინისტრმა.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მოხუცებულთა თავშესაფრები და პანსიონატები, სადაც მოთავსებულები არიან  შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ახალ კორონავირუსზე ტესტირებაში ჩაერთვებიან.