„საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი – ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც აპირებს ქვეყნის უპირატესობების მატერიალიზებას. თურნავას თქმით, ქვეყანას უნიკალური გამოცდილება დაუგროვდა შემდეგი მიმართულებით:
„ამის თქმის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ის ახალი კონკურენტული უპირატესობები, რომლებიც ჩვენ როგორც ქვეყანამ შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში – ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე ის სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა შეიძინეს საკარანტინე ზონების მომსახურებისა და შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში. „კარანტინების” ეს ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ჩართული გვყავს 83 სასტუმრო ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ არამარტო შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება, არამედ შევინარჩუნეთ ეს ინდუსტრია და 2 500-მდე დასაქმებული, რომელიც სწორედ ამ პროგრამის წყალობით აგრძელებს მუშაობას და, გარდა ამისა, მართლაც ფლობს უნიკალურ უნარ-ჩვევებს. მოვემსახურეთ 19 000 ადამიანზე მეტს კარანტინში და ახლა ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს გამოცდილება გადავთარგმნოთ ჩვენს ახალ იმიჯში, ახალ კონკურენტულ უპირატესობაში.
იგივე უნიკალური გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა აეროპორტებმა და იქ მომუშავე პერსონალმა, სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა, მუნიციპალურმა სერვისებმა, რაც ტურისტულად აქტიურ ზონებში კარანტინში მყოფი ადამიანებისა და პოტენციურად ინფიცირებული ადამიანების მომსახურებას [გულისხმობს] . ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომლის კაპიტალიზაციაც ჩვენ ახლა უნდა მოვახდინოთ და ამის კონკრეტული გეგმა გვაქვს”, – განაცხადა თურნავამ.
ამავე თემაზე:
► როგორ დაეხმარება მთავრობა ტურისტულ სექტორს – ანტიკრიზისული გეგმა;