79 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ტყის კოდექსი” და ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.
კანონში შესული ცვლილებებით, მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, გარემოს დაცვისა სამინისტროს შუამდგომლობით, შესაძლებელია, რომ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მოქალაქეებმა შექმნეს პეტიციაც „საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ”.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაეჭირა ინიცირებულ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებისთვის, მისი არაკონსტიტუციური შინაარსის გამო. EMC ასევე აღნიშნავდა:
„როგორც საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით უძრავი ქონების გადაცემის აქამდე ჩამოყალიბებული პრაქტიკა ადასტურებს, აღნიშნული რესურსების შეძენა ეკლესიის მიერ კვლავ სიმბოლურად ფასად მოხდება. სამწუხაროა, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უბრუნდება ამ საკითხს და ყოველგვარი საჯარო მიზნისა და რაციონალური დასაბუთების უმნიშვნელოვანესი საჯარო რესურსების კერძო ორგანიზაციისთვის გადაცემის პირობას ითვალისწინებს.
ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია, რადგან ამ უფლებას კანონმდებლობა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს. პანდემიის პირობებში საპატრიარქოს მიერ შექმნილი დაძაბულობისა და სამართლებრივ სისტემასთან ღია დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლებისთვის ეს ცვლილება საპატრიარქოს მიმართ ლოიალობის გამოჩენის კიდევ ერთი ნაბიჯია. ამგვარი გადაწყვეტილებით სახელმწიფომ არსებითად არღვევს უფლებრივ სიმეტრიას სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის და დომინანტური ეკლესიის ჭარბი და უკონტროლო პრეფერენცირებით სეკულარიზმის პრინციპებთან მოდის წინააღმდგობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.