გადამდებ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა NCDC-ის Facebook-ჩართვაში ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც ზღვაზე დამსვენებლებმა უნდა გაითვალისწინონ.
„ზღვაზე დასვენება თავისთავად რისკის შემცველი არ არის. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, ფიზიკური დისტანცირება აუცილებლია. ზღვაზე დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ახლო დისტანციაზე ვიყოთ ადამიანებთან, მით უმეტეს, თუ ისინი თქვენი ოჯახის წევრები არ არიან და გარეშე ადამიანები არიან, ან არ იცით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან თუ იცით, რომ ადამიანი არ არის ჯანმრთელი, ეცადეთ, რომ მისგან დისტანცირდეთ“, – განაცხადა ზახაშვილმა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, დისტანცირება უნდა იყოს გათვალისწინებული პლაჟზე შეზლონგების განლაგების დროსაც.
„როგორც ვიცი, აჭარის ხელისუფლება ამუშავებს დამატებით რეკომენდაციებს ამ საკითხზე, რომლებიც ითვალისწინებს ამ შეზლონგების დასუფთავებას, გაწმენდას ყოველი მოხმარების მერე. ნებისმიერი ჩვენგანიც უნდა იყოს ფრთხილად შეზლონგების გამოყენებისას, ზღვაში ბანაობისას… თვითონ ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ზახაშვილმა.
მისი თქმით, თავად წყალი საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ „საფრთხის შემცველია ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთები, თუ ის ინფიცირებულია COVID-ით, ეს წვეთები შეიცავს ვირუსს და შეიძლება თქვენი ინფიცირების მიზეზი გახდეს, თუ ძალიან ახლოს აღმოჩნდით ასეთ ადამიანთან“.