ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „პლაქველინი“ ე.წ. სოლიდარობის კვლევაში დააბრუნა

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „ჰიდროქსიქლოროქინს“, იგივე „პლაქველინს“ კორონავირუსის სამკურნალო პოტენციური მედიკამენტების კვლევაში აბრუნებს.

როგორც The Reuters წერს, ე.წ. სოლიდარობის კვლევაში „პლაქველინის“ დაბრუნებაზე ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, სპეციალისტებმა ურჩიეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მონაწილეობით ყველა კვლევა განეახლებინა.

„პლაქველინის“ ამოღებაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მიიღო. ჯანმო გადაწყვეტილების მიღების დროს მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალ ლაცენტრში გამოქვეყნებულ კვლევას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც პაციენტებში, რომლებიც „პლაქველინს“ შემთხვევითი შერჩევის წესით იღებდნენ, სიკვდილიანობა გაიზარდა.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პლაქველინი“ კვლევიდან ამოიღო, მედიკამენტის გამოყენება საქართველოშიც შეჩერდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მედიკამენტს არ გამოიყენებენ იქამდე, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას არ დადებს.

მისი თქმით, „პლაქვენილს“, ჯერჯერობით, რიტონავირი/ლოპინავირი ჩაანაცვლებს. პაციენტებში, რომლებიც „პლაქველინს“ იღებდნენ, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.