„თანასწორობის მოძრაობა" მოუწოდებს შსს-ს, დროულად შეისწავლოს „თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის ფაქტი

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად შეისწავლოს „თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის ფაქტი.

ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, რომ შსს-მ განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები სხვისი საკუთრების დაზიანების, თუ ძალადობის თავიდან ასაცილებლად, რაც რეალურია ამ ჯგუფების წარსული საქმიანობის გათვალისწინებით.

„თანასწორობის მოძრაობა” შეშფოთებას გამოხატავს „თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ოფისს თავს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ და საღებავები შეასხეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „თბილისი პრაიდის” ოფისთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც ოფისის შენობაზე ლგბტ+ დროშის გადმოფენას აპროტესტებენ. პრაიდის წარმომადგენლების ვარაუდით, ოფისზე თავდასხმა სავარაუდოდ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს.