დუშეთში, სოფელ ნაღვარევში ძეგლის მიმდებარედ უკანონო მშენებლობა შეჩერებულია - სააგენტო

პუბლიკა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა, რომელიც 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელმა კომპანიამ  პერსონალისთვის გასაჩერებელი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მშენებლობა არ იყო შეთანხმებული არც ერთ უწყებასთან.

„შიდა მოკვლევით აშკარა იყო ის, რომ არანაირი მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია არც მუნიციპალიტეტიდან გამოგზავნილი და არც კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი, ბუნებაში არ არსებობდა. ისევე როგორც არც მუნიციპალიტეტს არ მიუღია სანებართვო განაცხადი ამ ტიპის ნაგებობის მშენებლობაზე“, – განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

მისი თქმით, უკვე დამონტაჟებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი ვერ მოხდება, რადგან ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ძეგლის სტრუქტურულ მდგრადობას.

„მშენებლობის პროცესი უკვე მესამე დღეა არ გაგრძელებულა. ჩვენი პოზიციაა, რომ მშენებარე კომპანიას შეეთავაზოს ალტერნატიული ფართი. უკვე აშენებული  რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟიც ვერ მოხდება, რამეთუ ამან შეიძლება ძეგლის სტრუქტურულ მდგრადობას შეუქმნას საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ახალი რეაბილიტრებულია. ასე, რომ რინა-ბეტონის კონსტრუქცია დარჩება მიწის საფარის ქვეშ.  ლანდშაფტი უნდა აღდგეს პირვანდელი სახით“,- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.