გიორგი გაბუნია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს - ადვოკატი

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სუს-ში მოწმის სტატუსით გამოკითხვისთვის მისვლაზე უარს აცხადებს. როგორც გაბუნიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი „მთავართან“ საუბარში ამბობს, მათ ურჩევნიათ, გაბუნიას დაკითხვა სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.

„გიორგი გაბუნიას ჩაბარდა უწყება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ავირჩიეთ, რომ მისი დაკითხვა მოხდეს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. ვინაიდან ეს ფორმატი არის ბევრად უფრო ეფექტური, ასე მიგვაჩნია, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი გამოკითხვა იქნებოდა“, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიაც აღნიშნულ საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა არჩია. საძაგლიშვილის თქმით, მათი პოზიცია, რომ სასამართლოში გამოიკითხონ გაბუნია და გვარამია, განპირობებულია უნდობლობით სამართალდამცავი უწყებების მიმართ.


გაბუნიაც და გვარამიაც სუს-ში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გარშემო დაიბარეს.

15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

გვარამიას საპასუხოდ სუს-მა განაცხადა, რომ ბრალდებული ვ.ბ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.