რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაკის მაჟორიტარ კანდიდატად წარუდგინა საზოგადოებას.
„ერთი წელი კი არა, რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ჩვენი გულებიდან და ჩვენი ტვინიდან, ჩვენი მეხსიერებიდან, ჩვენი ისტორიიდან ამოიშალოს 20 ივნისი. არასოდეს ამოიშლება, ყოველთვის გვემახსოვრება და მოვითხოვთ პასუხს იმაზე, რაც 20 ივნისს მოხდა. 20 ივნისი ტკივილის დღეა, იმიტომ, რომ დღეს აქ და სახლებში არიან ადამიანები, ვინც დაზარალდნენ იმ ძალადობისგან. მე არ მიყვარს სახელების ხსენება, მაგრამ დღეს არ შემიძლია არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა აფხაზეთის ომის დროს დაკარგა და მეორე თვალზე – აი, აქ. ეს ტკივილი დაუვიწყარია და ვერაფრით წაიშლება.
20 ივნისი „ქართული ოცნების” სირცხვილის დღეა, მაგრამ ამასთანავე 20 ივნისი ქართველი ხალხის ღირსების დღეა, როცა ჩვენ გამოვართვით ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, გავრილოვს და ვუთხარით, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ეკუთვნის დასავლეთს, ეკუთვნის თავისუფლებას და ადამიანის ღირსებას.
ბოლოს, მეგობრებო, მე მინდა მივმართო გავრილოვს, კადიროვს და პუტინს, ბოდიშის მოხდა კი არა, დაჩოქება მოგიწევთ ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.