პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ერთჯერადად სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ – გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრო დღეს წარმოადგენს კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ერთჯერადად სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდებათ.

გახარიას თქმით, ეს ცვლილება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მაგრამ ასევე არ შეაფერხებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს.

“მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კანონში ცვლილებებზე ინფორმაციას განათლების სამინისტროც ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

შემოთავაზებული ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

“პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე.” – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.