ვიმსჯელებთ გუნდში და მივიღებთ გადაწყვეტილებას - მდინარაძე პლებისციტის იდეაზე

პუბლიკა

„საბოლოო პასუხს გადაჭრით ნამდვილად ვერ გაგცემთ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუნდში მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის ინიციატივას.

ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სთავაზობს, მიიღონ ზომები, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს რეფერენდუმი ან პლებისციტი 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„დღეს რაიმე გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი, არ შემიძლია რომ გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოო პასუხს დღეს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა კიდევ ერთი საკითხი, გეთანხმებით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, არსებობს დროის საკითხიც, რაც განხილვას და დეტალიზაციას საჭიროებს. ამიტომ უკაცრავად, მედიასთან და საზოგადოებასთან, დღეს, აკაკი ზოიძის განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ საბოლოო პასუხს ვერ გავახმოვანებთ, მაგრამ ვიმსჯელებთ. მიდგომა – მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.