სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუშინ, 13 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განცხადებით მიმართა. ლომჯარია მედიას მოუწოდებს, პატივი სცენ ოჯახის პირად სივრცეს და ისე გააშუქონ აღნიშნული ფაქტები.
„ოჯახს როცა ვესაუბრე, ერთ-ერთი საკითხი, რაც მათი მხრიდან წამოიწია იყო ის, რომ მედიის მხრიდან ცალკეული ქმედებები მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი იყო. ეს იყო მათი განცხადება.“ – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი არ არის ის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული თხოვნა თუ რეკომენდაცია ყველა მოქალაქისა თუ მედიასაშუალების მიმართ აქვთ, ვინც ამ საქმის გარშემო ავრცელებს ინფორმაციას.
„პირველ რიგში, ჩემი თხოვნა იქნება, პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი გადაღებისგან დავიცვათ მათი ოჯახური და პირადი სივრცე. ასევე, ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც ვრცელდება კადრები, ფოტოსურათები ან გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რაც, ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ტრავმირებას იწვევს. ამიტომ, ალბათ, ესეც გასათვალისწინებელია, რომ ისე გავავრცელოთ ან გავაშუქოთ აღნიშნული ფაქტები, ვიფიქროთ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. ბრალდებულებთან დაკავშირებითაც მინდა გთხოვოთ, ისე არ გაშუქდეს ინფორმაციები, რომ ვინმე უკვე დანაშაულის ჩამდენად წარმოვაჩინოთ, ვინაიდან, ჯერჯერობით, არავის მიმართ წარდგენილი ბრალი დადგენილი არ არის“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენი შეხვდა, როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს, ასევე ყველა ბრალდებულს, რომელიც იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. ნინო ლომჯარიას თქმით, შაქარაშვილის საქმის ანალიზის საფუძველზე ომბუდსმენის აპარატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმართონ პროკურატურას. უწყების განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
„ჩვენ შევისწავლით საქმის მასალებს გამოძიების ფარგლებში. პერიოდულად მივაწვდით გამოძიებას ინფორმაციას იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რაც მიგვაჩნია, რომ თუ არ ჩატარებულა, უნდა ჩატარდეს ან დროულად უნდა ჩატარდეს. ასევე, შევაფასებთ, რამდენად დროულად და ამომწურავად ჩატარდა, ყველა საგამოძიებო მოქმედება“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის განმარტებით, უწყების ჩართვის მიზანია მხარეთა უფლებების დაცვა როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულებების, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების პროცესში იყოს დაცული.
„მოვუწოდებთ ყველა პირს, ბრალდებულების ადვოკატებს, ასევე დაზარალებულების ოჯახისგანაც მაქვს თანხმობა – იმ შემთხვევაში, თუ კი, ისინი ჩათვლიან, რომ მათი საპროცესო უფლებები ირღვევა გამოძიების მსვლელობისას, მოგვაწოდოს ამის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს რომელიმე მხარის სურვილი, ისინი დამოუკიდებლად მაინც შეაფასებენ, თავიანთი სტანდარტებით, როგორც საპროცესო უფლებების დაცვის მდგომარეობას, ასევე გამოძიების ეფექტიანობას.