დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი Facebook-ზე მიმართვას აქვეყნებს. მისი თქმით, ამ მიმართვის გამოქვეყნება იმით არის განპირობებული, რომ დაღუპულის ოჯახის მიმართ საზოგადოების ნაწილში აგრესიამ „ზღვარს მიაღწია“.
„მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ.
რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა“ ჩუმად წამოიღო“ გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ “საზოგადოებრივ გამომძიბლებს” მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!” ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია?
რომელიერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი… და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?! რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?!“, – აცხადებს თამუნა შალვაშვილი.
გიორგი შაქარაშვილის დედა ამავე მიმართვაში მადლობას უხდის საზოგადოებას თანაგრძნობისთვის.
19 ივნისს მცხეთის მაგისტრალზე კონფლიქტის შემდგომ გაუჩინარებული გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ მუხლებით: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.