ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაიკ პომპეოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა მაიკ პომპეომ შეუკვეთა. როგორც კადიროვმა განაცხადა, ინფორმაცია მას უკრაინის უშიშრობის სამსახურმა მიაწოდა.
კადიროვმა ამავე შეხვედრაზე ისაუბრა სანქციებზე, რომელიც მას აშშ-მა დაუწესა.
ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პომპეოს წინააღმდეგ რესპუბლიკაში არსებულ ყველა შესაძლო სანქციას გამოიყენებს.
„მე ვაცხადებ, რომ ყველა სანქცია შეეხება, რაც გვაქვს რესპუბლიკაში, მისი ანგარიშების გაყინვაც, მათ შორის. მათ იგივე გააკეთეს ჩემს წინააღმდეგ“, – თქვა კადიროვმა.
20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ Twitter-ზე კადიროვის შესახებ პოსტი დაწერა.
„სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ ამხელს ეროვნებით რუს რამზან კადიროვს ადამინის უფლებების უხეშ დარღვევებში, მათ შორის, წამებაში, უკანონო მკვლელობებსა და ადიანების იძულებით გაუჩინარებაში. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ყველა საშუალებით ვეცდებით მისი ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებას ამ დარღვევებისთვის”, – დაწერა პომპეომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება რამზან კადიროვის გარდა მის მეუღლეს და მის ორ ქალიშვილსაც ეხება.]
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწვყეტილებას, რომლის მიხედვითაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში საჯარო მხილების შემდეგ აშშ-ში შესვლა აეკრძალა, კადიროვი Telegram-ზე გამოეხმაურა.
„პომპეო, ბრძოლაში გამოწვევა მიღებულია, ყველაფერი საინტერესო ახლა იწყება”, – წერს კადიროვი.