ვოკალისტებო, აწ კი თქვენ!

დავით ბუხრიკიძე

თბილისის ვოკალისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსი Opera Crown, ჯერ კიდევ 2020 წლის მაისის დასაწყისში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონა ვირუსის მსახვრალი ხელი მასაც დრამატულად შეეხო და კონკურსი ოქტომბრისთვის გადაიდო.

როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანლი და კონკურსის აღმასრულებელი დირექტორი, რუსუდან მაცაბერიძე ამბობს, შექმნილი სიტუაციის გამო, მეორე საერთაშორისო კონკურსი 5-10 ოქტომბერს გაიმართება. მონაწილეობის მსურველთა განაცხადის მიღების ბოლო ვადა 14 სექტემბერია.

თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თბილისში იმართება. მისი მასშტაბი და მნიშვნელობა მხოლოდ პროფესიულ-მუსიკალური თვალსაზრისით არ განისაზღვრება. ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ის გაცილებით დიდი მოვლენაა, რომელიც სცდება როგორც „ჩეკინ ჯორჯიის”, ისე კლასიკური-საოპერო მუსიკის ფარგლებსა და გლობალურ მნიშვნელობას იძენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ოპერის მომღერლებს 21-დან 32 წლამდე, რომელთა კარიერაში კონკურსს დიდი მნიშვნელობა აქვს და რომლებიც პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე არიან. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი, ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას საერთაშორისო მასშტაბით. თბილისის  ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი ასევე კარგი საშუალებაა ახალგაზრდა მომღერლებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრების დირექტორებისა და კასტინგ-დირექტორების წინაშე წარადგინონ.

შესარჩევი მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩატარდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერის საფუძველზე, შეირჩევა სულ 50-მდე მონაწილე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოქტომბერში გამართულ კონკურსში. ის შედგება სამი ტურისაგან. პირველ და მეორე ტურში მონაწილე ასრულებს ორ საოპერო არიას ფორტეპიანოს თანხლებით. მესამე, ფინალური ტური კი გაიმართება  ორკესტრის თანხლებით. კონკურსანტებს ჟიური მოისმენს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის პრესტიჟულობას, პირველ რიგში,  განსაზღვრავს ჟიურის შემადგენლობა, რომელშიც მსოფლიოში აღიარებული მომღერლები, საოპერო თეატრების დირექტორები, მენეჯერები და სამხატვრო ხელმძღვანელები შედიან. მათ შორის – ცნობილი ქართველი მომღერალი, „დიდი თეატრის” სოლისტი მაყვალა ქასრაშვილი, ლონდონის სამეფო თეატრ „კოვენტ გარდენის“ კასტინგ-დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ სამხატვრო ადმინისტატორი ჯონათან ფრენდი, ბაიროითის საოპერო ფესტივალის მენჯერი ევა ვაგნერი, ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელიზაბეტ მატოსი, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის სამხატვრო დაგეგმარების ხელმძვანელი სემუელ გელბერი, ჰამბურგის სახელმწიფო თეატრის კასტინგ-დირექტორი ანეტ ვებერი, ვენეციის „ტეატრო ლა ფენიჩეს“ სამხატვრო ხელმძვანელი ფორტუნატო ორტომბინა, ტურინის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძვანელი სებასტიან შვარცი, გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრის დირექტორი და მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი, ოლგა როსტროპოვიჩი.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ქართველი ტენორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძვანელი, ბადრი მაისურაძეა.

2018 წელს გამართული პირველი საერთაშორისო კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მომღერლებისთვის. 20 ქვეყნის 50 ახალგაზრდა მომღერალთა შორის, დასკვნით, მესამე ტურში მაშინ 12 ქართველი მონაწილე მოხვდა. სოფია მჭედლიშვილმა (სოპრანო) და გიორგი წამალაშვილმა (ბარიტონი) შესაბამისად, მეორე და მესამე პრემიები დაიმსახურეს. გამარჯვება კი სამხრეთ კორეელმა ბანმა, ბონგ მინ გილმა მოიპოვა, რომელსაც მთავარი პრიზი – 10 ათასი ამერიკული დოლარი და „ოპერის გვირგვინი“ გადაეცა. 2018 წელს ჟიურის წევრად მოწვეული იყო ლეგენდარული სოპრანო, გრეის ბამბრი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მესამე ტურის ვიდეოტრანსლირება განხორციელდება ვებგვერდზე OperaVision.eu., რომელიც საოპერო თეატრებისა და ფესტივლების ევროპული ასოციაცია OPERA EUROPA-ს პროექტს წარმოადგენს და რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს მთელს მსოფლიოში. კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს ინსტუტუტი საქართველოში, სასტუმრო „იბის სთაილი თბილისი“.