დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბაზრობებზე გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბაზრობებზე მაღალია მობილობა და ისინი მომეტებული რისკის ზონას მიეკუთვნება. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, „ლილოს“ ბაზრობაზე მიმდინარეობს PCR-კვლევები.
„რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, ადამიანების მისვლა-მოსვლა, საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. „ლილოში“ მიმდინარეობს ინტენსიური PCR-კვლევები“, – თქვა გამყრელიძემ.
გაყრელიძის თქმით, მუშავდება პროექტი, რის მიხედვითაც ამ ტიპის კვლევები ყველა ბაზრობაზე უნდა განხორციელდეს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ კვირას თბილისის მასშტაბით შემოწმდა თითქმის ყველა ბაზარი, მათ შორის – „ლილოს“, „ელიავას“, „დეზერტირების“, „ნავთლუღის“, „დიდუბის“, „გლდანის“ ბაზრობები, ასევე – ვარკეთილსა და დიღომში არსებული ბაზრები.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესსუბიექტი, დეზერტირების ბაზარში – 1, ნავთლუღში- 2, დიდუბეში- 3, ვარკეთილში 1 ბიზნესოპერატორი.