კალაძის თქმით, მერია აპირებს, ღამის კლუბებს უსასყიდლოდ დაუთმოს მუნიციპალური ტერიტორია

პუბლიკა

დედაქალაქის მერია აპირებს, ბარებსა და ღამის კლუბებს უსასყიდლოდ დაუთმოს მუნიციპალიტეტში არსებული თავისუფალი ტერიტორიები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ბარებისა და ღამის კლუბების მფლობელებთან.

„ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ კომუნიკაციას ბარებისა და ღამის კლუბების მფლობელებთან, რათა მათ უსასყიდლოდ დავუთმოთ მუნიციპალური, თავისუფალი ტერიტორიები, დროებით, რა თქმა უნდა, რადგან ვიცით, რომ ამ პანდემიამ სერიოზული პრობლებები შეუქმნა ამ სფეროს წარმომადგენლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კულტურის სფეროს მხარდაჭერის მიზნით გაიზარდა ბიუჯეტი.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენგან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა, რათა კულტურას, ზოგადად, ჰქონდეს მხარდაჭერა და ამ მიმართულებით ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი“, – თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ კლუბების, ფესტივალებისა და ბარების ხელმღვანელებმა საერთო განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, მათ სახელმწიფოსგან არ მიუღიათ ფინანსური დახმარება და საქმიანობის შეზღუდვის გაგრძელების შემთხვევაში რიგი დაწესებულებები გაქრობის წინაშე აღმოჩნდებიან, ათასობით თანამშრომელს კი ემუქრება სამსახურების დაკარგვა, რაც კიდევ უფრო დამძიმებს სოციალურ ფონს.