„რუსი ოლიგარქი ივანიშვილისა და მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა ჩამორჩა პროგრესს“, - კონგრესმენები პომპეოს

პუბლიკა

6 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, მაიკ პომპეოსთვის, გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის და მისი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა.

კონგრესმენები პომპეოს სწერენ, რომ მომავალში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განსაკუთრებით კი – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, გაიხსენოს ის საკითხები, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.

„როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და გეოპოლიტიკად უსაფრთხო ურთიერთოებებისთვის, რათა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის შესაძლებელი ყოფილიყო ბაზართან წვდომა. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ასევე თავდაცვის სფეროში და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით.

თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა. თქვენს კოლეგებთან საუბრის შემდეგ ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და NATO-ში გაწევრების სწრაფვის კუთხით.

როცა მომავალში შეხვედრებს გამართავთ საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გიორგი გახარიასთან, მოგიწოდებთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • საქართველოს ამჟამინდელი, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად.
  • საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ნაციონალურ ინტერესს, კერძოდ: ამერიკული კომპანიების, რომლის მიზანიც იყო საქართველოს დაცვა რუსული და ჩინური გავლენისგან, მიზანმიმართული გაძევება.
  • ასევე, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც გადამწყვეტია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩვენების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისთვის“, – წერენ კონგრესმენები მაიკ პომპეოს.