მთავრობის ადმინისტრაციის განმარტბეით, სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ახალი ეტაპის ჯამური ბიუჯეტი 485 მილიონი ლარია.
► აქედან კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამისათვის 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
► ბავშვების 200-ლარიანი დახმარებისთვის – 170 მილიონი ლარი.
► სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურისათვის კი – 35 მილიონი ლარი.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ახალი ეტაპის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, რაც ითვალისწინებს მოხმარებული 200 კვტ/სთ ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მთავრობის მხრიდან კომპენსაციას.
ასევე, 17 წლის ასაკის ჩათვლით არასრულწლოვნები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 150 000-მდე, სახელმწიფო ერთ სემესტრს, 2020-2021 სასწავლო წელს, სრულად აუნაზღაურებს. მისივე თქმით, სახელმწიფო 2020-2021 წლის სწავლის საფასურს იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც აუნაზღაურებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ.