მარინა ეზუგბაია 25 ახალი შემთხვევის წყაროებზე საუბრობს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 25 ახალადადსტურებული ინფიცირებულიდან ერთის ინფიცირების წყარო, ე.წ. გაჩიანის წყაროა, 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 5 კი იმპორტირებული შემთხვევაა. ერთი პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ერთის დაინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს ჯერ ისევ იკვლევენ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში შეყვანილია 6 ახალი პაციენტი.

„6 ახალი დადასტურებული შემთხვევის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ: 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი – აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ორიც საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა გახლავთ.

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინკაში 2 მძიმე პაციენტია, როგორც თვითონ კოვიდის მიმდინარეობით, ასევე თან არსებული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური, პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტები საშუალო სიმძიმისაა, გვყავს რამდენიმე მსუბუქი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საკარანტინო სივრცეში დაინფიცირებულთაგან, 2 პაციენტი ბათუმში დაფიქსირდა. მათგან ერთი გუშინ საღამოს თბილისში გადმოიყვანეს, მეორეს კი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში ელოდებიან.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის დირექტორის, გია კიკაბიძის განცხადებით, ერთ-ერთს თან ბავშვი ახლდა, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ჯამში, 1250-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი.

StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 250;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 1 010;
  • გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 7 068;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41;