ამ ეტაპზე ქვეყანაში საყურადღებო რჩება 4 რეგიონი – ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საყურადღებოდ რჩება ოთხი რეგიონი, – მესტია, ყაზბეგი, ქობულეთი და გარდაბანი.

გამყრელიძის თქმით, დღეს მიიღეს გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლების გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა კვლავ ჩაკეტილი დარჩება ლენჯერი.

მისივე განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა გაფართოებული ტესტირება, რომლის ფარგლებშიც 3 509 ადგილობრივი მცხოვრები და 1 246 მესტიაში ბოლო კვირების განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანი გამოიკვლიეს. ამათგან, საერთო ჯამში ინფექცია დაუდასტურდა 49 ადამიანს, მათგან 29 მესტიის მუნიციპალიტეტში, 20 შემთხვევა კი დადასტურდა კონტაქტების კვლევისას. შესაბამისად, „ცხელ წერტილად“ რჩება ლენჯერი. გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიაში დაწესებული კარანტინიდან 12 დღე სრულდება, შესაბამისად, ტესტირება ჩაუტარდება იმ 700-მდე ადამიანსაც, რომლებიც კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

კიდევ ერთ საყურადღებო რეგიონად გამყრელიძემ დაასახელა ყაზბეგი, სადაც ამ დროისთვის ვირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 4 ადამიანი დაკავშირებულია სასაზღვრო პოლიციასთან. 5 ოჯახი რჩება თვითიზოლაციაში.

გამყრელიძის თქმით, საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთში, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებით, სადაც სულ 5 ადამიანია ინფიცირებული, ორი თანამშრომელი და მათი კონტაქტები. კაფე ამ დროისთვის დაკეტილია. ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს ტესტირების გაფართოების გეგმა, პრევენციის მიზნით, რაც გულისხმობს ბათუმსა და ქობულეთში არსებული ღამის კლუბებისა და ბუნგალოების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას. ასევე, განიხილება ისიც, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას ორი კარავი, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით ტესტირებას შესთავაზებენ: „რათა იყოს ინფორმაცია, აჭარის რეგიონში ტრაილებს თუ არა ვირუსი“, – განმარტა გამყრელიძემ.

ასევე, საყურადღებო ზონად რჩება გარდაბანი – ყარაჯალარი. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში საკარანტინო ზომები მოიხსნა, იქ კვლავ გრძელდება მოსახლეობის ტესტირება, თუმცა, მისივე თქმით, „მოსახლეობის დამყოლობა ტესტირებაზე“ არ არის მაღალი.

ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციები – ნიღბის ტარება, ხელების დაბანა და დამუშავება, დიდ თავშეყრის ადგილებზე მორიდება, კვლავ ძალაში რჩება, იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1361;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1098;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 7235;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;