თბილისის ინფექციური საავადმყოფო კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალია, ერთის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების კვლევა კი გრძელდება.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი 10-ით გაიზარდა, გვყავდა 1098 და დღეს გვყავს 1108 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 81%-ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული პაციენტი.
245 შემთხვევის განაწილება სიმძიმეების მიხედით – გუშინ გყავდა 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, დაგვემატა ერთი და ამჟამად გვყავს 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენები მსუბუქი და უსიმპტომო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული.
განახლებული სტატისტიკა ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1370
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1108
- მათ შორის გარდაცვლილი – 17
- კარანტინის რეჟიმში – 6903
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41