თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. ცერცვაძის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ცერცვაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზიეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.
„დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმება.
„რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპონდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.
რეალურად საქმე შემდეგშია – ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, რომ ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება, მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის.
რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, გამართული იყოს მაგალითად, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, შეძენილი გვაქვს, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება.
ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივნისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.
„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.
„მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ასევე მიმდინარეობს რემონტის საკითხის მოგვარება, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ინფორმაციას, თითქოს „ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება აღარ შეუძლია“.
ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მკურნალობას. მისივე თქმით, აივ-ინფექციის პროგრამიდან გასვლას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია და საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ.