პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები ჩამოყალიბდება.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობაგამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკის აღმოფხვრა და სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები, – ამ საკითხებზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ძალადობაზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. სხდომაზე ასევე იმსჯელეს იმ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო საკუთარ გამოცდილებას სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუზიარებს.