ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია როგორც კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის დროსაც, თუმცა, მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პროცესები ნაკლებად შეიზღუდება.
„კულტურულ ღონისძიებებზეც აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, დისტანცია, იგივე ღია სივრცეში პირბადის ტარება და, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, აგიტაციის პერიოდშიც აუცლებელია… დღეს რასაც ვუყურებთ, წინასაარჩევნო პერიოდში პირბადეს არ ხმარობენ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ პირბადე გვქონდა ძირითადად შენობებში, ამიტომ [გარეთაც] თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, აუცილებელია პირბადის გამოყენება.
რაც შეეხება რაოდენობას – რომ შეზღუდო, ჯერ ერთი პოლიტიკური პროცესია და არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს, რომ ეს არ გამოიყენონ მმართველმა ან სხვა პარტიებმა გარკვეულწილად დისკრიმინაციად, რომ პროცესი იზღუდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მონიტორინგი უნდა იყოს პროცესის, მაგრამ ნაკლები შეზღუდვით პოლიტიკური პროცესის, რამეთუ ეს მაინც დაკავშირებულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტთან, რომელიც იქნება თვე-ნახევრის შემდეგ ქვეყანაში. ახალი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან, ამიტომ ეს საერთაშორისო რჩევაც არის და რეკომენდაციაც, რომ პოლიტიკური პროცესები ნაკლებად იზღუდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის, ღია სივრცეშიც.
თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შეზღუდვა არ გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.