ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და ამომრჩევლისთვის COVID 19-ის ეპიდემიოლოგიური კონტროლის წესები განსაზღვრა.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველი ისარგებლებს ინდივიდუალური საწერი კალმებით. კაბინებში დაცული იქნება სისუფთავე და დეზინფექცია, შესვლის წინ არ გაივლიან თერმოსკრინინგს და უბანზე გადაადგილდებიან პირბადით.
„ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. არქონის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით.
ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარების კალმისტრით. ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს მისთვის სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.