საჩხერე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველოც გვინდა, რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში - გახარია

პუბლიკა

„საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველოც გვინდა, რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

„დიდი პატივია აქ თქვენთან ერთად საუბარი ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, აკაკის სამშობლოდან საუბარი საქართველოს მომავალზე, დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ახლა, მინდა ამას ცოტა სხვანაირ, თბილ და შინაურულ გარემოში შევხედო.

დღეს ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი,  როგორი საქართველოც გვინდა, რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს.

მარტივად რომ ვთქვათ –  ჯანდაცვა, განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები –  ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა „ფონდმა ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც და საჩხერეც  კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.