თბილისში, ვანო სარაჯიშვილის ქუჩის N2-თან მოქალაქეები არიან შეკრებილები და გამოთქვამენ სურვილს, რომ შენობას დაუბრუნდეს ძველი, წმ. თეოდოს ჩერნიგოველის სახელობის ტაძრის ფუნქცია. შეკრებაზე სასულიერო პირებმა პარაკლისიც გადაიხადეს.
„კომუნისტური რეჟიმის მიერ როგორც არის ხოლმე, გუმბათები მოეხსნა და გადაკეთდა სხვადასხვა დანიშნულების უბრალო საყოფაცხოვრებო და კომერციულ ფართებად. ჩვენი სურვილია, რომ რაღაცნაირად აღდგეს აქ მღვდელმსახურება, წირვა-ლოცვა და დაილოცოს თითოეული ქართველი, რომ ჩვენს ერს არ მოაკლდეს სულიერება“, – ამბობს შეკრების ერთ-ერთი მონაწილე, ზაზა რუსაძე.
ზაზა რუსაძის განმარტებით, შეკრებილები გამოთქვამენ სურვილს, რომ შეგროვდეს შესაბამისი ფინანსები, რათა ადგილმონაცვლეობა შესთავაზონ ამ შენობაში განთავსებულ კომერციულ თუ საყოფაცხოვრებო ფართებს.
წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის სამლოცველო სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს გაიხსნა. ეკლესიის მშენებლობა მეოცე საუკუნის დასაწყისში დასრულდა.
ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა XX საუკუნის 20-იან წლებში. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში განთავსებული იყო თბილისის ისტორიის მუზეუმი, ჭადრაკის სასახლე და სხვა და სხვა ორგანიზაციები;
შენობას 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობაში ამჟამად კაფე „გალერი“ და სხვა დანიშნულების ობიექტებია განთავსებული.