ხვიჩა მღებრიშვილს, სავარაუდოდ, ხვალ გაათავისუფლებენ | ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ განაცხადა, რომ ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ხვალ ელოდებიან, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.

„გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ მუშაობის, რაც გასწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და საკითხში ჩართულმა ყველა უწყებამ. ხვალ ათავისუფლებენ, ამას ვგულისხმობდი პოზიტიურ სიგნალში. გრძელდება მუშაობა, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში“, – განაცხადა მან.

გარდა ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებისა, სამუშაო ჯგუფმა მეორე უკანონოდ დაკავებულის, ზაზა გახელაძის საკითხზეც ისაუბრეს.

„კიდევ ერთხელ მივიღეთ განმარტება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და შეესაბამება იმ ჭრილობას რომელიც მიღებული აქვს. დინამიკა აქვს პოზიტიური. დაგვპირდნენ, რომ გაზიარებული იქნება ინფორმაცია, რა სახის სამედიცინო დახმარება უტარდება ზაზა გახელაძეს. რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას, ველოდებით, რომ ეს იქნება ხვალ. მთავარია, რომ ეს ადამიანი ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა ანთიძემ.

ირაკლი ანთიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხსაც შეეხნენ.

„ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო აქტივისტი იდევნება უკვე რამდენიმე წლის მანძილზე და მოვითხოვეთ რომ იქნას შეწყვეტილი დევნა და ასევე ეს საკითხი, სხვათაშორის, არაერთხელ ყოფილა განსჯის საგანი, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. ამ საკითხზე საქმის კურსში არიან ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, – განაცხადა მან.


ზაზა გახელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს, დაკავების პროცესში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხში.

რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილს, ის 3 ივლისს სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.