უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, დანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს.
ადგილობრივი ბელორუსული მედიის TUT.BY-ის ინფორმაციით, ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ მას ოფიციალურად მიულოცეს გაპრეზიდენტება თურქმენეთმა და ჩინეთმა.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეკითხვით – აღიარებს თუა არ ქვეყანა ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ მის ლეგიტიმურობას. „პუბლიკა“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მიეღო უწყებიდან ინფორმაცია, თუმცა სამინისტრო ჩვენს კითხვებს არ გამოეხმაურა.
ინფორმაცია ეყრდნობა ბელარუსულ მედია TUT.BY-ს
ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომლის მეექვსე ვადით არჩევასაც ბელარუსში გასული თვის განმავლობაში მწვავე პროტესტი მოჰყვა, ინაუგურაცია 23 სექტემბერს დაანონსების გარეშე გამართა და ახალი ვადით შეუდგა პრეზიდენტობას. ინაუგურაციას არ ესწრებოდნენ სხვა სახელმწიფოების ლიდერები და დიპლომატები; მას არ ესწრებოდნენ არც ეკლესიის წარმომადგენლები; ინაუგურაცია არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ საპროტესტო აქციაზე ქუჩებში გასულიყვნენ. ინაუგურაციის პარალელურად მინსკის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ადგილობრივი მედია TUT.BY წერდა, რომ პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ასობით მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმმა დემოსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ, 24 სექტემბერს ბელარუსში ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მათ არასდროს უთხოვიათ ქვეყნებისთვის, ეღიარებინათ არჩევნების ლეგიტიმურობა.
„გაჰყვირიან, რომ არ აღიარებენ. თქვენ იცით, რომ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია მათთვის არჩევნების შედეგების აღიარება ან არაღიარება, ხელახლა არჩეული პრეზიდენტის ლიგიტიმურობის დდასტურება. მთავარია, რომ ეს ჩვენს კონსტიტუციასთან მოდიოდეს შესაბამისობაში. თუკი ისინი ხედავენ შეუსაბამობას, მაშინ უმჯობესია, რომ თქვან ამის შესახებ“, – თქვა ლუკაშენკომ.
ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მათი თქმით, მიუხედავად პრეზიდენტის ინაუგურაციისა, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა არ აღიარებს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, თუმცა, მათივე თქმით, ეს არ გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების აზრს.
„დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას, მაგრამ ეს არ გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების აზრს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ბელორუსი ხალხი, რომლებიც არიან ხელისუფლების წყარო და იღებენ გადაწყვეტილებას, თავიანთი არჩევანი გააკეთეს. სწორედ ამას აქვს გადამწყევტი მნიშვნელობა“, – ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, ლუკაშენკოს „ინაუგურაცია“ არ ნიშნავს მის აღიარებას სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად“.
„უკრაინა არასდროს ჩარეულა ბელარუსის შიდა საქმეებში და ყოველთვის მხარს დაუჭერს ბელარუს ხალხს. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს „ინაუგურაცია“ არ ნიშნავს მის სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურად აღიარებას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.
მანამდე ამ საკითხზე თავისი პოზიცია გამოხატა აშშ-მა და კანადამ. ხოლო რუსეთში კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ბელორუსი სუვერენული სახელმწიფოა და ეს [ინაუგურაცია] ოფიციალური მინსკის გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, რუსეთმა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება უკვე მიულოცა.
„ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია იყო საიდუმლო, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მან დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის ლიდერმა. ის არ არის ბელარუსის პრეზიდენტი და უნდა გადადგეს“, – ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანსუა ფილიპ შამპანმა განაცხადა, რომ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკომ გასაიდუმლოებული ინაუგურაციით აჩვენა, თუ როგორ აბუჩად იგდებს ბელარუს ხალხს. მისი თქმით, ინაუგურაცია არ არის ლეგიტიმური.
„კანადას მიაჩნია, რომ ლუკაშენკოს არ აქვს ლეგიტიმაცია, იყოს ქვეყნის ლიდერი“, – წერს ფრანსუა ფილიპ შამპანი twitter-ზე.
🇨🇦 deplores Lukashenko’s unannounced inauguration following a fraudulent election. He lacks the legitimacy as a democratically elected leader.
🇨🇦 calls for a free & fair election for the people of #Belarus. We are coordinating with the int. partners for an appropriate response.
— François-Philippe Champagne (FPC) 🇨🇦 (@FP_Champagne) September 23, 2020
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ლუკაშენკოს ინაუგურაციას ფარსი უწოდა.
Such a farce. Forged elections. Forged inauguration. The former president of #Belarus does not become less former. Quite the contrary. His illegitimacy is a fact with all the consequences that this entails.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) September 23, 2020
ალექსანდრ ლუკაშენკომ 9 აგვისტოს არჩევნებზე ოფიციალური მონაცემებით ხმების 80% მიიღო და პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. თუმცა, არჩევნების ღამესვე ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩაში გამოსული ოპოზიცია და ათასობით მოქალაქე ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. სპეცრაზმმა დაშალა არაერთი აქცია. დააკავეს და დაშავდა ბელარუსის ათასობით მოქალაქე, რამდენიმე დემონსტრანტი კი დაიღუპა. ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მათ წინააღმდეგ ბელარუსის პროკურატურამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.