ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ მინსკში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები განახლდა

პუბლიკა

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში განახლდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს ინაუგურაცია არასაჯაროდ და დაანონსების გარეშე გაიმართა.

ადგილობრივი გამოცემა news.tut.by, ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრ „ვიესნაზე” დაყრდნობით წერს, რომ წუხელ პოლიციამ 250-მდე მეტი ადამიანი დააკავა ბელორუსის მასშტაბით.

პოლიციამ ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გუშინ ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომლის მეექვსე ვადით არჩევასაც ბელარუსში გასული თვის განმავლობაში მწვავე პროტესტი მოჰყვა, ინაუგურაცია დაანონსების გარეშე და არასაჯაროდ გამართა.


ალექსანდრ ლუკაშენკომ 9 აგვისტოს არჩევნებზე ოფიციალური მონაცემებით ხმების 80% მიიღო და პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. თუმცა, არჩევნების ღამესვე ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩაში გამოსული ოპოზიცია და ათასობით მოქალაქე ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

სპეცრაზმმა დაშალა არაერთი აქცია. დააკავეს და დაშავდა ბელარუსის ათასობით მოქალაქე, რამდენიმე დემონსტრანტი კი დაიღუპა. ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მათ წინააღმდეგ ბელარუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.