როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთი არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას - გახარია ასამბლეაზე

პუბლიკა

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ებრძვის პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტს – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს.

„ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ Covid-19-ის გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის – ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე და მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს.

მისი თქმით, გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე მსოფლიოში გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა.

გახარიას თქმით,  რომ საერთო განსაცდელის წინაშე ყველა უნდა გაერთიანდეს და გამოყენებული უნდა იყოს თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები.

„დღეს, კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო გაეროს ქარტიისადმი ჩვენი ურყევი ერთგულება, რათა უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.

აქ არაერთხელ თქმულა, რომ გაერო-ს ყველა სახელმწიფო თანასწორია, პანდემიამ ეს ნათლად გვიჩვენა; გვიჩვენა, რომ საერთო განსაცდელის წინაშე ყველა უნდა გავერთიანდეთ, გამოვიყენოთ თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები. სამწუხაროდ, მხოლოდ კოვიდ-19 არ არის საერთაშორისო გამოწვევა, ასეთი კიდევ ბევრია – შეირაღებული კონფლიქტები, სიღარიბე, კლიმატის ცვლილებები, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები, ტერორიზმი და საერთაშორისო კრიმინალი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიდევ ბევრი სხვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.