საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი სახანძრო-სამაშველო ძალების მიერ სრულად ლიკვიდირებულია.
„ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება“, – აღნიშნავს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
„შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.