გუშინ, 28 სექტემბერს, ნინოწმინდაში მოქალაქეები შეიკრიბნენ და ითხოვდნენ, ქართველ მესაზღვრეებს სომხეთში მათ მიერ შეგროვებული ნივთებით დატვირთული სატვირთო მანქანები გაეტარებინათ.
ადგილობრივი მედიის, „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე პირების დასახმარებლად მედიკამენტების, ტანსაცმლის, საკვების და საბურავების ჩატანა სურდათ. მათივე ცნობით, დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო–სომხეთის საზღვართან შეკრებილ მოსახლეობას, სურსათით დატვირთული მანქანების სომხეთში გადასვლის ნებართვა მისცეს. მათ ასევე საზღვარზე მანქანის საბურავებით დატვირთული ტრაილერების გაყვანა სურდათ, თუმცა ამისი უფლება არ მისცეს.
„ნინოწმინდასა და ახალქალქში ხალხმა შეაგროვა საბურავები, მედიკამენტები, ბოსტნეული, ყველაზე საჭირო ნივთები შეგროვდა და გვინდა სომხეთში ჩავიტანოთ, იქ ომია და ჩვენს ძმებს დახმარება სჭირდებათ. ვისაც ორი შარვალი ჰქონდა ერთი სომხეთში გასაგზავნად გამოიტანა, ამ ადამიანების ნათესავები და ახლობლები იბრძვიან, მე ახლა საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით ვიმყოფები. ერთმანეთში საუბრობენ საქართველოს და სომხეთის საგარეო უწყებები, რა და როგორ იქნება პასუხს გვეტყვიან“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ნინოწმინდაში მცხოვრები ანდრანიკ კარსლიანი.
„პუბლიკა“ შემოსავლების სამსახურის (საბაჟო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ჩვენს ზარებსა და შეტყობინებას ამ დრომდე არ პასუხობენ.
radio NOR-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოხალისეები მზად არიან გაემგზავრონ მთიან ყარაბაღში. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ 28 სექტემბერს, 12 საათზე, ნინოწმინდაში ერთ-ერთ სტადიონზე, დაიწყო ახალგაზრდა მოხალისეების რეგისტრაცია, რომელთაც სურთ ყარაბაღში წასვლა და სომეხი ხალხისა და ჯარისკაცების მხარდაჭერა. მათივე ცნობით, ახალქალაქში 15 საათზე ასევე დაგეგმილი იყო მოხალისეების რეგისტრაცია.
„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ახალციხესა და მის სოფლებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა დღეს, 29 სექტემბერს დილიდან კვლავ შეიკრიბა. როგორც ერთ-ერთი მონაწილე ედუარდ აივაზიანი ამბობს, მათი მიზანია სომხეთს გარკვეული სახის დახმარება აღმოუჩინონ: „ახლა უნდა დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, როგორ და რითი შეგვიძლია დავეხმაროთ. არ ვიცით ეს იქნება სურსათი, მედიკამენტები თუ რა. შევთანხმდებით“.
27 სექტემბერს, გამთენიისას მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები განახლდა. კონფლიქტის განახლებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ქვეყანა იმედს გამოთქვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში არ გადაიზრდება. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.