„წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ”, – დღეს, 31 ოქტომბერს გამართული სხდომის ოქმი გამოქვეყნდა.
როგორც ოქმშია აღნიშნული, სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს.
„უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.
წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე”, – ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.
რაც შეეხება სინოდის გადაწყვეტილებას, სინოდის განჩინებით, „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად”.
სხდომის ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. ოქმში ვკითხულობთ, რომ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. შესაბამისად, სინოდის გადაწყვეტილებით, „მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები”.