დეპუტატმა ერქვანიამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა და აბორტის აკრძალვას მოითხოვს

პუბლიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა და ისევ მოითხოვს აბორტის აკრძალვას.

მის მიერ მომზადებული პროექტით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

ერქვანიას კანონპროექტში სრულად ამოღებულია დღეს მოქმედი ნორმები ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოში მოქმედი რეგულაციით კი, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას;

ამასთან, დღეს მოქმედ კანონში ასევე არის ჩანაწერი, რომ ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტამდე ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში უნდა ჩაუტარდეს წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევამდე გასული უნდა იყოს 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს უპირატესობა ენიჭება ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის პრეროგატივაა.

ამასთან, დღეს 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 55 მილიონი აბორტი კეთდება და თითქმის ნახევარი  – დაახლოებით 25 მილიონი, ქალების სიცოცხლისთვის სახიფათო მეთოდით ტარდება, ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც აკრძალულია აბორტი. კვლევები ცხადყოფს, რომ შეზღუდვები არ ამცირებს აბორტის რაოდენობას.