მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ მამას ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ მამას ბრალდება დაუმძიმდა. უწყების ცნობით, მას ბრალდება არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისa და დამცირების ფაქტებზე წარედგინა.

„თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა – სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულის ქმედებების შედეგად მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესისa და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს მან საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა.

„ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს პროკურატურა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა მამაკაცი 2020 წლის 23 აგვისტოს დააკავეს და მას სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უწყება ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.