მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა – საგანგებო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდნენ.

უწყების ინფორმაციით, რთული რელიეფისა და უამინდობის მიუხედავად, აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.

„გვიან ღამე აჭარაში ჩავიდა დამატებითი ჯგუფები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. ჯამში, 60 მეხანძრე-მაშველი ჩავიდა სპეციალური აღჭურვილობითა და შესაბამისი ტექნიკით. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 120 მაშველი და დამატებით, თბილისიდან მიემგზავრება 50-კაციანი ჯგუფი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 440 შეტყობინება შევიდა. მათივე თქმით, შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

უწყების განცხადებით, მაშველებმა ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წვიმამ გადაიღო და ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.