გაგვიმარჯოს!

ნიკა ნანუაშვილი

  „არაფერია იმაზე უსარგებლო, ვიდრე ეფექტურად კეთება იმისა, რისი კეთებაც საერთოდ არაა საჭირო“

პიტერ დრუკერი

 

გაგვიმარჯოს! – რამდენჯერ დაგვიწყია და დაგვისრულებია ასე.

მეორე დილით კი ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება ყოველდღიურ და არაყოველდღიურ პრობლემებთან ერთად.

პრობლემებზე საუბრით ჩვენს ქვეყანაში ვერავის გააკვირვებ, თუმცა ამ პრობლემებისაგან თავის დაღწევის შესახებ საუბრისას გეგმებზე მეტად სწორედ სადღეგრძელოებს რომ ვისმენთ,  მგონი, ყველას მოგვბეზრდა.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობიდან დღემდე ვინ მოთვლის, რამდენჯერ „გვინახავს“ და მოგვისმენია, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი ჭერი, ყველა სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი და მინიმალური ხელფასი ათასი ლარი (ოდენობა ფანტაზიის და „გემოვნების“ საკითხია) უნდა იყოს, წამლები –  უფასო, ისევე როგორც საბანკო კრედიტები (ან ძალიან იაფი მაინც)… მოკლედ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს!

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სურვილებისა და ოცნებების ჩამონათვალი, ერთ რამეზე შეგვიძლია ახლავე შევთანხმდეთ – არაა საჭირო მტკიცება, არ შეიძლება ნორმალური, ჭკუათმყოფელი ადამიანი წინააღმდეგი იყოს ამ ყველაფრის; არ შეიძლება არ გინდოდეს, რომ შენი თანამოქალაქეები იყვნენ უფრო უზრუნველყოფილნი, უფრო თვითრეალიზებულნი, ცხოვრობდნენ წელში გამართულ სახელმწიფოში, მდიდრები და წარმატებულები.

სხვაგვარად სიგიჟეა, ალბათ დამეთანხმებით.

ეს სურვილები ძალიან ბუნებრივია, ისევე როგორც ბუნებრივად გამოგვდის სადღეგრძელოები, მათ შორის ძალიან ხმამაღლა, ემოციურად და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოტივაციას, რის გამოც ამას ვაკეთებთ. ღარიბ ქვეყანაში ეს ყველაზე ადვილი და პოპულარული საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კეთილი სურვილების გამო ვერავინ პასუხს ვერ მოგთხოვს.

უკეთ ცხოვრება, გამდიდრება ყველას გვინდა, მაგრამ სანამ ამ საქმეს მივყოფთ ხელს, უნდა ვიცოდეთ, რატომ ვართ ღარიბი.

არაპოპულარულ ამბებზე უნდა ვილაპარაკო და ბარემ წინასწარ მოვიხდი ბოდიშს (მაინც, თუ ვინმეს არ მოეწონება).

მაშ ასე – ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, არც ჯადოქრები არსებობენ! ეს იმას ნიშნავს, რომ ვერავინ და ვერაფერი გაგვამდიდრებს ვერც ერთ და ვერც ათ წელიწადში. „მდიდართა შორის უღარიბეს“ ირლანდიას ათ წელზე მეტი დასჭირდა პატარა ეკონომიკური სასწაულისათვის. ჩვენ არ ვართ ირლანდია და არც მდიდართა შორის ვართ. ასე რომ, ეკონომიკური სასწაულების იმედად ყოფნა არ ღირს და უახლოეს ათ წელიწადში სულაც რომ ორი ეკონომიკური სასწაული მოვახდინოთ, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე საშუალოზე მეტად ღარიბებად დავრჩებით.

ამიტომაც, უაზრობაა ჩვენს სიღარიბეში დამნაშავის, მტრის ხატის ძებნა, ისევე როგორც უაზრობაა ამის გამო ვინმეს გავუბრაზდეთ. ფული, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვჭირდება უკეთესი ცხოვრებისათვის, ამ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს და რაც არ არსებობს, იმას ვერ გავიყოფთ. არაა აუცილებელი ამ ნაწილში საერთო ეროვნულ კონსენსუსს მივაღწიოთ, ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია განაგრძოს წარუმატებელი მცდელობა, ბოლო-ბოლო 30 წელიწადია ამას ვაკეთებთ.

გასულ წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ერთგვარი რეიტინგია, რომელშიც ძალიან ბევრი კომპონენტის მიხედვით მსოფლიოს 141 ქვეყნის ერთმანეთთან შედარება ხდება და საბოლოო ჯამში ჩანს, ვინ რაშია „მაგარი“.

საქართველოს ნაწილში, პირველი, რაც თვალში გხვდება, ამ ანგარიშის მკითხველს, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და სამეწარმეო კულტურაა. პირველ შემთხვევაში სრულიად არასაპატიო 125-ე ადგილზე ვართ, მეორე შემთხვევაში კი, ასევე არასაპატიო 93-ე ადგილზე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტატისტიკის მიხედვით, შრომის პროდუქტიულობის მხრივ საქართველო ასევე ასეულს მიღმაა.

ეს რიცხვები, მარტივად რომ „ვთარგმნოთ“, ნიშნავს შემდეგს – ჩვენ (დიახ ჩვენ, მე, თქვენ, ყველა ერთად), მიუხედავად იმისა, თუ რამდენ საათს ვმუშაობთ კვირაში, რამდენ „ოფლს ვღვრით“ და რამდენად წარმატებულებად მიგვაჩნია საკუთარი თავი, ვერ ვქმნით საკმარის და საკმარისად ღირებულ პროდუქტს, რომელიც ჩვენს კეთილდღეობას უზრუნველყოფდა.

კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ – თუ ჩვენ ვაწარმოებთ, პირობითად, კარტოფილს (მით უმეტეს, ტრადიციული ტექნოლოგიებით) ან წარმოების მასშტაბი და ხარისხი უნდა გავზარდოთ, ან შევეშვათ და რამე უფრო მეტად ღირებული ვაწარმოოთ, რაც უკეთესად გაიყიდება და მეტ შემოსავალს მოგვიტანს.

შრომა რომ არ გვეზარება, ვიცი, მაგრამ შესაბამისი ცოდნისა და უნარების გარეშე ეს ძალისხმევა მხოლოდ იმაში თუ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად არ გავღარიბდეთ, მეტზე რა მოგახსენოთ.

გამდიდრების მზა რეცეპტები არ არსებობს. ყველა ქვეყანას საკუთარი გზა აქვს და არცერთი ეს გზა არაა მოკლე და იავარდით მოფენილი.

მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ თავისუფალ დროს დიდი სიამოვნებით ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის განვითარების ისტორიას, წარმატებებისა და მარცხის მიზეზებს. გარკვეული პერიოდი მეც ბევრივით მჯეროდა, რომ წარმატებისათვის ქვეყანას აუცილებლად სჭირდება მდიდარი ბუნებრივი რესურსები, რომელთა გაყიდვიდან შემოსულ ფულს მთელი ერი გავიყოფთ და ვიქნებით უდარდელად.

ასე არაა?

მხოლოდ ეს არ კმარა.

ვენესუელა არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ამ ნიშნით ქვეყნების წამყვან ათეულში შედის, თუმცა ქვეყანა (სხვათა შორის, „სანიმუშო“ სოციალიზმი აქვთ) სიღატაკეში იხრჩობა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ვენესუელისაგან განსხვავებით, ბუნებრივი რესურსების მხრივ ფინეთი დიდად ვერ დაიკვეხნის და ამავდროულად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებულია, ამ წარმატების მთავარი საფუძველი კი განათლების სისტემაა. „ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, როგორ ისწავლონ და არა – როგორ ჩააბარონ გამოცდები“ – ამგვარად ხსნის ფინური განათლების სისტემის უნიკალურობას პასი სალბერგი, აღიარებული განათლების ექსპერტი ფინეთიდან.

„ფინური სკოლა“ ბავშვებს ამზადებს ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისათვის, შედეგიც სახეზეა – „Harvard Business Review”-ის მიხედვით, ფინეთი 60 ქვეყანას შორის  პირველ ადგილზეა ბიზნესის კეთებისათვის საჭირო უნარების მხრივ.

თუ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, კარგი განათლება ისაა, რაც გვეხმარება მეტი ღირებულება შევქმნათ საკუთარი თავისა და ეკონომიკისათვის.

კარგი ხორცის ნაჭერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გემრიელ კერძს, მას სათანადოდ მომზადება სჭირდება. ზუსტად ამგვარი „შუალედური რგოლია“ ზემოთ ხსენებული უნარები კარგ განათლებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომლის თვალწინაც უამრავი განათლებული, ორდიპლომიანი (ყოველგვარი ირონიის გარეშე) თავისი საქმის პროფესიონალი ქუჩაში აღმოჩნდა არსებობისათვის ბრძოლაში. ამ ადამიანთა დიდ ნაწილს შეიძლება საუკეთესო თეორიული და პრაქტიკული განათლება ჰქონდათ, მაგრამ ძალიან ცოტას თუ აღმოაჩნდა იმ ვითარებაში ყველაზე საჭირო – ახლის მოფიქრების, ადაპტირების უნარი. საბჭოთა სკოლაში ამას არ ასწავლიდნენ (პირიქით, თრგუნავდნენ), არც ჩემს შვილებს ასწავლიან ამას დამოუკიდებელი საქართველოს საჯარო სკოლაში.

ბიზნესუნარებს ვინ ჩივის, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მონაცემებით, 76 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-7 ადგილზე ვართ  სამ, ყველაზე საბაზისო კომპონენტში (წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერება). მსოფლიოს მოსახლეობის მიმოხილვის (World Population Review) მიხედვით კი, ჩვენი განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უარეს სისტემათა შორის იკავებს ადგილს ლიბიის, ზამბიის და დომინიკის რესპუბლიკის გვერდით.

არაა საჭირო შესწორება. თვითონაც კარგად ვიცი, რომ მონაცემების შეგროვების, დაჯამების, შედარებისა და შეფასების უამრავი მეთოდი არსებობს და ამ მეთოდთაგან რომელიმეს თუ გამოვიყენებთ, შესაძლოა მთლად ასეთი მძიმე სურათიც არ გვქონდეს. ვიცი, რომ ამ ყველაფერს ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს და ასე შემდეგ..

ეს შედეგს არ ცვლის.

XXI საუკუნეში, ტექნოლოგიური განვითარების არსებული ტემპების კვალობაზე და მსოფლიო ეკონომიკის წინაშე არსებული, მუდმივად ცვალებადი გამოწვევების პირობებში „კარგი განათლება“ უკვე პირობითი ცნება ხდება. ნაწილი იმისა, რასაც დღეს სკოლასა თუ უნივერსიტეტში ასწავლიან, ხვალ უბრალოდ უსარგებლო იქნება ან მნიშვნელოვან ადაპტირებას მოითხოვს, რადგან ტექნოლოგიური ცვლილებები და გლობალური „გაციფრულება“ არაერთ პროფესიასა და სამუშაო ადგილს უბრალოდ გააქრობს. თუმცა ამის პარალელურად გვეძლევა განუსაზღვრელი შესაძლებლობები, ფორმალური განათლების სისტემის პარალელურად, სრულიად უფასოდ ავითვისოთ ახალი ცოდნა და უნარები.

რასაკვირველია, გამორიცხულია ერთ პატარა ბლოგში სრული სურათის წარმოდგენა, ყველა „თუ“-სა და „მაგრამ“-ის ჩამოწერა და ჩაშლა, ეს არცაა ჩემი საქმე და მიზანი. დასაფიქრებლად ზემოთქმულიც საკმარისია, მით უმეტეს, რომ ძალიან მალე, პანდემიის შემდგომ ჩვენ ყველანი ახალ და კიდევ უფრო მეტი გამოწვევებით სავსე სამყაროში აღმოვჩნდებით.

არჩევანი არსებობს და თუ ვინმეს უკეთესი იდეა არ გვაქვს, მაშინ დროა დავიწყოთ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა.

ბლოგ-პოსტების სერიას წარმოგიდგენთ საინვესტიციო კომპანია – სინერჯი კაპიტალი