თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.
მერიაში ამბობენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას.
„სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და ახალგაზრდული ფრთის 3 წარმომადგენელი დააკავეს.