ჰერჩინსკი: შეშფოთებულები ვართ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით

პუბლიკა

„ორშაბათს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კახეთში „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, შეშფოთებულები არიან დამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებაზე და დემოკრატიის მდგომარეობაზე.

„ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის. ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია და ამიტომ, კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, სამ კვირაში გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში. ელჩი ამბობს, რომ წინა შეფასების მერე ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია.

„რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია. სამწუხაროდ, შედეგებია და როდესაც საქმე გაფართოების პროცესს ეხება, სამ კვირაში ევროკომისია გაფართოების კიდევ ერთ ანგარიშს წარადგენს. მე კიდევ ერთ პრესკონფერენციას დავაორგანიზებ. უმაღლეს წარმომადგენელსა და გაფართოებაზე პასუხისმგებელ ევროკომისარს ბრიუსელში ექნებათ პრესკონფერენცია და მოდი, დაველოდოთ ზუსტად რა იქნება მესიჯი.

ბოლო გაფართოების ანგარიში, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, სამწუხაროდ, გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა, პირიქით – კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო კავშირს აზიანებს თუმცა, ვერ შეცვლის.

„ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და სწორი ანალიზი“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს.

„ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია. ამას უწოდებენ ისინი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.

ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და სწორი ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები.

2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების დამკვიდრება და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც სწორედ სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული“, – განაცხადა კობახიძემ.