ბაღების სააგენტოს ცნობით, თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა

პუბლიკა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა.

ახალი რეგულაციებით, ბაღების ეზოებში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი. ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში იმგვარად უნდა მოთავსდნენ, რომ არ იყოს მათი სახით კონტაქტი. ბაღების სააგენტოს ინფორმაციით,  შეიძინეს მეთოდური მასალა, რაც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღმზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირებისთვის.

„რეგულაციების დამტკიცებისთანავე მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, რაც მოითხოვდა როგორც გარკვეული ინვენტარის შესყიდვას, ასევე, პერსონალის გადამზადებას. საკმაოდ მოკლე დროში აღვჭურვეთ და მოვაწყვეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული 710 ბაღიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 625 ბაღი აკმაყოფილებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოსთან შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმებული ბაღებიდან 85-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები. მისივე თქმით, ბაგა-ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.