ჩემს ბავშვობაში, ბიჭებისთვის ფერადი შარვლების ჩაცმა მიუღებელი გახლდათ. კაცებად გვზრდიდნენ და აბა ვის გაუგია, ნამდვილ კაცს ფერადი შარვალი ეცვას? თმის შეღებვასა და ყურის გახვრეტაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. ასე ვიზრდებოდით და ასე ჩამოვყალიბდით ნამდვილი კაცების თაობად: სექსისტებად, ჰომოფობებად და მოძალადეებად.
შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთ კაცებს ქალები დასანახად ვერ იტანენ და იმედი აქვთ, რომ ახალი თაობა სულ სხვანაირი იქნება. რატომ უნდა უნდოდეს ქალს, რომ მისი მეუღლე, ძმა, მამა ან შვილი ფერთმოძულე ადამიანი იყოს, არა?
სამწუხაროდ, როცა ბიჭებს არასწორად გვზრდიდნენ, პარალელურად გოგოებსაც არაჯანსაღ შეხედულებებს უნერგავდნენ თავში კაცების შესახებ. თითქოს, კაცს „კაცობა” მოეთხოვება, რაც აუცილებლად მუქი ფერის ტანსაცმლის ტარებაში, საკუთარი ღირსების ძალის გამოყენებით დაცვასა და ქალებთან შედარებით მბრძანებლურ, დომინანტურ პოზიციაში ყოფნით გამოიხატება.
შესაბამისად, პატარა გოგონებსაც სძულდათ ფერადი ბიჭები, იმიტომ, რომ ფერადი ბიჭები ვერასდროს გახდებოდნენენ ის მამაკაცები, ვისთანაც მომავალში უნდა ეცხოვრათ, როცა უკვე ნამდვილი ქალბატონები გახდებოდნენ.
მე თუ მკითხავთ, სწორედ ფერების სიძულვილია განსხვავებულობის სიძულვილის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. როცა ბავშვობიდან გესმის, რომ ფერადი არაფერი ვარგა, ზრდასრულ ასაკში ავტომატურად გეზიზღება ყველაფერი, რაც შენგან განსხვავებული და, ხშირ შემთხვევაში, ფერადია.
გონებაში მჭირდოდ გამჯდარი ერთი არასწორი დამოკიდებულება კი სხვა უამრავი არაჯანსაღი პოზიციის განვითარებას უწყობს ხელს და ასე გვიგროვდება უსასრულო სტერეოტიპები: შეღებილთმიანი კაცი კაცი არაა, საყურე ქალის ატრიბუტია, ტატუებიანი გოგო ადვილად იკერება, კაცი ძლიერი უნდა იყოს, მენსტრუალური ციკლის დროს ქალი ბინძური არსებაა, ჰიგიენური საფენები კაცმა არ უნდა იყიდოს, პრეზერვატივის ყიდვა საყვარელის ყოლის ან ბოზებში სიარულის მანიშნებელია და სხვა, ათასგვარი სისულელე.
მთელი ბავშვობა მინდოდა თმა შემეღება და ყური გამეხვრიტა და იცით, როგორ მეშინოდა? უზარმაზარი წნეხია, იყო 13-14 წლის, ცხოვრობდე თბილისში და გარშემო ყველა ამრეზით გიყურებდეს. თან გესმოდეს, როგორ ილანძღებიან, როგორი საშინელი სიტყვებით ამკობენ იმ ადამიანებს, რომლებიც შენ მოგწონს.
დღესაც კარგად მახსოვს, ერთხელ ოჯახის ახლობელი რომ გვესტუმრა, მაგიდაზე ჩემი საყვარელი როკ ჯგუფის პლაკატი შეამჩნია, ხელში აიღო და რამდენიმე წამი უსიტყვოდ შეათვალიერა, მერე ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ლაქწასმული ხელის ფრჩხილები შეამჩნია, სახეზე გამომეტყველება შეეცვალა და ზიზღით სავსე ტონით ჭკუაც დამარიგა: „აქედან იწყება ყველაფერი, ჯერ მანიკურს წაისვამენ და მერე…”
და რა „მერე”?
არც არაფერი. პირიქით, სწორედ მერე ხდება ყველაფერი ის, რაც ადამიანს თავისუფლებისა და სხვა ადამიანების უფლებების პატივისცემის ღირებულებებს უყალიბებს. ფერების შიშის დაძლევა შეიძლება სხვა ყველა ფობიის დამარცხებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯიც კი გახდეს.
ალბათ, უფროსი თაობების ასეთი ზიზღი იმითაა განპირობებული, რომ ისინი თვითონ იზრდებოდნენ შეზღუდვებსა და კომპლექსებში, იძულებულნი იყვნენ ჩაეკლათ საკუთარი სურვილები, არ ეკეთებინათ ის, რაც სურდათ და არ ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებიც უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ.
საკუთარ თავზე უარის თქმას კი ხშირად თან სდევს შურისძიების გაუცნობიერებელი სურვილი, რომელსაც, სამწუხაროდ, შვილების თაობები გამოცდიან ხოლმე საკუთარ ტყავზე. მე თუ მეკრძალებოდა ფერადი შარვლის ჩაცმა, მე თუ მეკრძალებოდა თმის შეღებვა, ყურის გახვრეტა, ჩემმა შვილმა რატომ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? ჩემი შვილი რატომ უნდა იყოს თავისუფალი?
და სწორედ აქ იკვრება მანკიერი წრე, საიდანაც გამოსავალი თითქოს არც ჩანს: ჩვენ გვჩაგრავდნენ, გვავიწროვებდნენ, საკუთარ სურვილებზე უარის თქმას გვაიძულებდნენ და ახლა ჩვენი ჯერია, ზუსტად ასევე უნდა მოვექცეთ ჩვენს შვილებსაც.
რას ვიფიქრებდი, თუ სუსხიანი ოქტომბრის პირველ დღეებში, 2020 წელს, როცა უკვე მეგონა, რომ ფერების შიში ასე თუ ისე წარსულში დავტოვეთ, ეს საკითხი კიდევ შემაწუხებდა და სოციალურ ქსელში შემხვდებოდნენ ჩემი თაობისა და ჩემზე უფროსი ადამიანები, ვინც პატარა ბავშვებს მხოლოდ იმის გამო აგინებენ, რომ მათ თმა შეიღებეს და ასე გამოხატეს საკუთარი თავისუფლება თუ პროტესტი უფროსი თაობების მიმართ. ან სულაც, არც არაფერი გამოხატეს, უბრალოდ, მოუნდათ და შეიღებეს.
არადა, სამყაროში რამდენი ფერია და თან, როგორი ლამაზია ეს მრავალფეროვნება და განსხვავებულობა.
იქნებ, ამ წყეულ 2020 წელს, როგორმე ფერების შიშიც თან გავაყოლოთ?