ფილფანის ოჯახი მოზარდის შესახებ ინფორმაციისთვის ფულად ჯილდოს აწესებს

პუბლიკა

სვანეთში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის მშობლები შვილის ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარებისთვის ფულად ჯილდოს აწესებენ.

მოზარდის დედის განცხადებით, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ძებნის სამუშაოები შენელებულია. ამ პროცესის დასაჩქარებლად კი უნდათ, რომ ჯილდოს შესახებ განაცხადონ.

„თუ გაქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება ახლა ჩვენი შვილი და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, გადავიხდით 50 000 ლარს.

ნებისმიერი ინფორმაციისთვის კი, რომელიც დაგვეხმარება მის პოვნაში ან გავალთ იმ ხალხზე, ვისაც ექნება რაიმე ინფორმაცია, ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ 30 000 ლარი.

გამოდით ჩვენთან კომუნიკაციაზე ტელეფონით, სოციალური ქსელით, სხვა თქვენთვის ხელსაყრელი ფორმით”, – განაცხადა ფილფანის დედამ და აღნიშნა, რომ კონფიდენციალობას სრულად დაიცავენ.

მოზარდის მშრომლები ამბობენ, რომ პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ. მათი თქმით, გაეცნენ საქმის მასალებსაც და ჩატარებულია დიდი მოცულობის სამძებრო სამუშაოები.

„გავიდა 2.5 თვე, ბავშვს ეძენებს პოლიცია, მაშველები. ვეძებთ ჩვენც. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია. ბევრი ადგილი და ვერსია შევამოწმეთ, ბევრი სარწმუნო, ბევრიც ნალებად სარწმუნო. ახლაც მიმდინარეობს ძიება, მაგრამ არ გვყოფნის ინფორმაცია და ამის გამო პროცესი შენელდა, ამიტომ გვინდა, რომ დავაჩქაროთ”, – განაცხადა ილია ფილფანის მამამ.


სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. მოზარდის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ილია ფილფანს 18 ივლისიდან ეძებენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა