ვთხოვ სტადიონთან შეკრებილ ადამიანებს, აწარმოონ თვითმონიტორინგი - გამყრელიძე

პუბლიკა

„სასურველი იყო არ დარღვეულიყო [რეკომენდაციები], მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადამიანებს, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი, თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები“ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით,  8 ოქტომბერს დინამო არენასთან კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები შეკრებილმა მოქალაქეებმა დაარღვიეს.

„ყველას ძალიან გაგვიხარდა, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება. მესმის ემოციები რაც იყო, მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომ მატჩი ჩატარდა მაყურებლის გარეშე რადგან ძალიან მომატებული რისკი იყო იმ რეგულაციებით რაც არსებობს, რომ 30% დასწრებოდა. რა თქმა უნდა, იქ დაირღვა რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მაგრამ დავაკვირდეთ“, – განაცხადა მან.

გამყრელიძემ გუშინ, 8 ოქტომბერს სტადიონთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრს და დარეკონ 112-ში.


გუშინ, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის საგულშემატკივროდ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონთან გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დინამოზე მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა.


დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. დაინფიცირების კიდევ 527 შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 313 კოვიდპაციენტი.

StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
მათ შორის გარდაცვლილი – 72;
კარანტინის რეჟიმში – 5574;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.