უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ არ დაწესდება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, იქნება „წერტილოვანი“, მსგავსად აჭარისა. გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, შეეხოს ყველა ქალაქს, მათ შორის, თბილისს.
„დიდი იმედი გვქონდა, როგორც ყველა რესპირაციული ინფექცია, [კორონავირუსი] ზაფხულში შემცირდებოდა და გრიპივით შეიძლება, გამქრალიყო.
მაშინ ინფექციასთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი მკაცრი შეზღუდვები იყო. მერე კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია. კი, მსუბუქდება ინფექცია თავისი გამოვლინებებით, სიკვდილიანობის პროცენტი 7-დან ჩამოსულია 2.9-მდე, მაგრამ ეს ინფექცია არ გაქრება კიდევ, სულ მცირე, წელიწადი-წელიწადნახევარი.
სლოგანი, რასაც ვხმარობთ: ვსწავლობთ თანაცხოვრებას კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად.იქნება გარკვეულად წერტილოვანი შეზღუდვები. პოლიტიკა იქნება ასეთი: არ იქნება დიდი, გლობალური ჩვენი ქვეყნისთვის, შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები. “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. გარდაიცვალა 7 პაციენტი.
- თბილისი – 297;
- აჭარა – 189;
- იმერეთი – 150;
- შიდა ქართლი – 12;
- ქვემო ქართლი – 11;
- მცხეთა-მთიანეთი – 9;
- გურია – 6;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3;
- კახეთი – 2;
- სამცხე-ჯავახეთი – 1.