COVID-19 იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსი შეიძლება გახდეს კიდევ უფრო მკვლელი, ვიდრე ეს არის შიდსი, მალარია, ტუბერკულოზი და ჰეპატიტი. მისი თქმით, ვირუსმა მილიონი ადამიანი შეიწირა და პროგნოზიც არასაიმედოა. ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ატარონ პირბადე.

„მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონა, რომ ის გრიპივით არის და მალე გაივლის (ჯერ ეს ერთი, გრიპი სერიოზული დაავადებაა), რომ სურდოსავით არის და მალე გაივლის, ეს არ არის სწორი. მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე ამ დაავადებამ. პროგნოზი არის, რომ გაზაფხულამდე კიდევ ერთ მილიონს [შეიწირავს], სამწუხაროდ. ის იქნება კიდევ უფრო მეტად მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ვიდრე არის ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი. ესენი არიან 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელები. კორონა გადაასწრებს მათ უკვე. ამიტომ სერიოზული პანდემიაა მსოფლიოში. ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე, სანამ ვაქცინა დამტკიცდება, მაგრამ იმ ვაქცინაციასაც დრო დასჭირდება, სანამ აცრა 5-6 მილიარდ ადამიანს ჩაუტარდება, სანამ იქნება ეტიოტროპული წამალი.  გთხოვთ, ძალიან, გამოვიყენოთ პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და სულ მათი რაოდენობა 109 გახდა. გამოვლინდა 680 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 292 ადამიანი.

stopcov.ge-ზე განაცხალებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 13 521;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 7 159;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 109;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 590;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 393.