უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღესდღეობით ინფიცირებულების 80%-ზე მეტს ამბულატორიული მეთვალყურეობა სჭირდება. გამყრელიძის თქმით, ამის რესურსი ქვეყანაში არის, 2500-3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია, რომელთაც, შეუძლიათ, ინფიცირებულების ამ 80%-ს მეთვალყურეობა გაუწიონ.
„რაც შეეხება, დანარჩენ 20%-ს და ცოტა ნაკლებს, 12-15%-ს, ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ამის რესურსი ქვეყანას აქვს. 17 ათასი საწოლია ქვეყანაში, აქედან 12 ათასი უშუალოდ შეიძლება კოვიდისთვის გამოვიყენოთ, თუ დაგვჭირდება. ბევრია თბილისში, საკმარისია რაოდენობა ინტენსიურ თერაპიაში ადგილებისა და რესპირატორების.
დიახ, ეპიდსიტუაცია უარესდება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ, ქვეყანას ძალუძს, გაუმკლავდეს მეორე ტალღას და გამოვიდეთ მეორე ტალღიდან, მაგრამ ერთად უნდა ვიმოღვაწეოთ სახელმწიფომ, ექიმებმა და მოქალაქეებმა. ყველაზე უფრო დაცვის საშუალება გახლავთ პირბადე. პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში, სადაც ვერ იცავთ დისტანციას. ღია სივრცეებში ატარეთ პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.